საქმე გვაქვს აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევასთან, რასაც გასული ათწლეულების საერთაშორისო ურთიერთობები ეფუძნებოდა - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა - საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტებისა და ილუზიების ადგილი არ არის, სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი.

სპიკერის შეფასებით, ვენესუელაში ჩატარებულმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს.

ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვენესუელაში განვითარებული მოვლენები აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგის რღვევის ნათელი მაგალითია.

"გასული წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, საქმე გვაქვს აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის რღვევასთან, რასაც გასული ათწლეულების საერთაშორისო ურთიერთობები ეფუძნებოდა. ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ამ რღვევისა და მოშლის ერთ-ერთი კარგი გამოვლინებაა. ბევრს შეიძლება ჰქონდეს ცალკეული ნაბიჯების გადადგმის ცდუნება, მაგრამ მთავარი ორიენტირი, რომელიც ნებისმიერ პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, არის საკუთარი ეროვნული ინტერესები და მხოლოდ ამ ეროვნული ინტერესებით მოქმედებით შევძლებთ ამ პროცესების გადალახვას ისე, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი არ მივიღოთ“, - მიიჩნევს მახაშვილი.