,,საქართველოსთან მიმართებაში აგდებული დამოკიდებულება აქვს" - გია ვოლსკი BBC-ზე

გია ვოლსკი

ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ - პროცესი დაწყებულია. ამ ეტაპზე, საჩივარი უშუალოდ ბრიტანეთის მაუწყებელშია შესული.

იმ შემთხვევაში, თუ BBC საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, პროცესი გაერთიანებული სამეფოს კომუნიკაციების კომისიაში, შემდეგ ადგილობრივ სასამართლოსა და, არ არის გამორიცხული, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გაგრძელდეს.

"ქართული ოცნება" BBC-გან, მათი შეფასებით, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური რეპორტაჟის ყველა პლატფორმიდან აღებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ BBC-ის მიერ მომზადებულ ე.წ. საგამოძიებო ფილმს პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, სტატიას პოლიტიკურად ანგაჟირებულს უწოდებს, რომლის შინაარსიც, მისი შეფასებით, ბოროტ მიზნებს ემსახურება.

"საქართველოსთან მიმართებაში აგდებული დამოკიდებულება აქვს, თანაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება. არ არსებობს სიუჟეტის ის ნაწილი, რომელიც, თითქოს ლაბორატორიული კვლევის ნიმუშს აშუქებს.

თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ბოროტ მიზანზე გათვლილი სიუჟეტი. საქართველოს იმედი აქვს, რომ სამართლებრივ სივრცეში, კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.