1749042430
საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას - რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია პროექტის თავდაპირველი ვერსია, რომელიც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ წარადგინა.
დოკუმენტში ისმის კრიტიკა საქართველოს მთავრობის მიმართ, "ლეგიტიმურ პრეზიდენტად" სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით კი წერია, რომ პარტიას ჰქონდა "გადამწყვეტი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში." ტექსტში ასევე წერია, რომ კომიტეტი "კატეგორიულად იმეორებს" მოთხოვნას, "ჰუმანიტარულ საფუძველზე" გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.
როგორც რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს პროგრესი, არამედ უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან.
"სამწუხაროა, რომ ამ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტი იძულებულია, შეაფასოს არა საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი უკუსვლა. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირზე და მის წარმომადგენლებზე - ეს არის მხოლოდ ზოგიერთი იმ ფაქტებიდან, რომლებიც ნახსენებია ანგარიშში. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას," - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
ბრიუსელში იმყოფებიან ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქეთი ხუციშვილმა, ეკა გიგაურმა და ნინო ევგენიძემ რასა იუკნევიჩიენესთან ერთად ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს.