საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დელეგაცია

სომხეთში 22-23 სექტემბერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 108-ე სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

სემინარის მთავარ თემას წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და ამ ფონზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული, უსაფრთხოების, პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას და მის გავლენას რეგიონზე. სომხეთის მთავრობის წევრები და ღონისძიებაში მონაწილე ექსპერტული წრეები მიესალმნენ სომხეთის დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

დისკუსიების დროს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და მათი დადებითი გავლენა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კონსტრუქციულ როლზე ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობის მშენებლობაში.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა – მარიან ლაშხმა და ლევან მახაშვილმა ასევე მიმოიხილეს რეგიონულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციები.