საქართველოს მთავრობასთან, ქართველ ხალხთან 30 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაფინანსებას მოსახლეობის სასარგებლოდ - როლანდ პრაისი

როლანდ პრაისი

შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობასა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან მუშაობდნენ მისი ეკონომიკის ასაშენებლად, რათა უფრო სტაბილური გამხდარიყო და რეალურად ყოფილიყო იმ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად არის.

„ჩვენ, როგორც მსოფლიო ბანკს, ჩვენი მანდატის შესაბამისად, არ შეგვიძლია, ჩავერთოთ ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში. აქ განვითარებისთვის ვართ და განვითარების საკითხები კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად 30 წელზე მეტია, ვთანამშრომლობთ. ჩვენ კვლავ ვზრუნავთ ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე, მის უფრო მდგრადობაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. დღეს აქ ვართ, რათა მოვისმინოთ ჩვენი ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც საქართველოში გლობალურ გამოცდილებას შემოიტანს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ დაფინანსების გამოყენებას საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.