საქართველოს გარეშე, ევროპის აზიიდან ენერგომომარაგება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ზოგიერთ ევრობიუროკრატს ან რუკა არ აქვს, ან გაზსადენების მარშრუტები არ შეუსწავლია - შარმანაშვილი ალიევისა და მელონის შეხვედრაზე

თენგიზ შარმანაშვილი

იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბაქოში შეხვედრასთან და ახალ სავაჭრო კავშირებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება თბილისში. მმართველი გუნდის განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ევროპას საქართველო სჭირდება.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შუა დერეფნის როლი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ, საქართველოს გარეშე, ენერგომომარაგება ევროპისა აზიიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

"გეოპოლიტიკა არის გეოპოლიტიკა, რეალობა არის რეალობა და, საქართველოს გარეშე, ენერგომომარაგება ევროპისა აზიიდან, პრაქტიკულად შეუძლებელია. ალტერნატიული გზები იარსებებს, მომავალშიც იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მარშრუტი, რომელიც გაკვალულია და რომელსაც აქვს ფართო შესაძლებლობები, ამის იგნორირება არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, ზოგიერთ ევრობიუროკრატს ან რუკა არ აქვს, ან გაზსადენების და ნავთობსადენების მარშრუტები არ შეუსწავლია. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ გაკვირვებული დარჩები. მაგრამ, არავითარი გაკვირვება არ შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანების მიმართ, რადგან დიდი ხანია, ყალბი ნარატივები რეალობას ურჩევნიათ," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სავაჭრო მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია - ეს იყო იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი საკითხები.