საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ დგას ამერიკის ინტერესების გვერდით - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ დგას ამერიკის ინტერესების გვერდით.

„საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულებია, აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს არაერთხელ დაუმტკიცებია და გაუკეთებია ისეთი რამ, რაც სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენ საერთოდ არ გვქონდა ეროვნული ინტერესები და ჩვენი ეროვნული ინტერესი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვერდით ვედექით ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, ამერიკულ ინტერესებს სხვადასხვა რეგიონში, როდესაც მაგალითად, ნატოსთან ერთად იყვნენ საქართველოს სამხედროები იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა ოპერაციასა და მისიაში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციებს.

„ზუსტად საერთაშორისო არენაზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ის პოზიციები, რა პოზიციებიც ჰქონდათ ომთან და მშვიდობასთან დაკავშირებით, საქართველო იყო პირველი და იმ მომენტში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებს. იმიტომ, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესთანაც არის თანხვედრაში - ბუნებრივია, ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს, ჩვენ გვსურს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.