დღეს ზაფხულის მზებუდობაა - რიტუალები, რომელთა შესრულებასაც ასტროლოგები გვირჩევენ
1750500363
სანამ ალტერნატივად ტვინ-ჩაკირული ოპოზიცია გვევლინება, რომელიც „რუსული-რუსულმა-რუსულს-რუსულის-რუსუ¬ლით-რუსულად-რუსულო“-ს გარდა ვერაფერს უკეთესს ვერ სთავაზობს საზოგადოებას, მანამდე ქართული ოცნება ხელისუფლებაში იქნება, ხოლო ნაცოპოზიცია - ჭაობში, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ნანა კაკაბაძე.
იგი ვრცელ პოსტში ოპოზიციის ქმედებებს მიმოიხილავს და მათი წარუმატებლობის მიზეზებზე საუბრობს.
„რატომ ვერაფერს აღწევს ქართული ოპოზიცია
ფეისბუკმა ადამიანებს მისცა საკუთარი აზრების, პოზიციების თუ პროგნოზების საჯარო სივრცეში მარტივად დაფიქსირების შესაძლებლობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანებს საკუთარი სურვილით სააშკარაოზე გამოაქვთ პირადი განცდები და მოსაზრებები, ანუ ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი მე. ამგვარად იქცევიან საჯარო ფიგურებად და სხვადასხვა წრეებში ხდებიან ცნობადი სახეები.
ამ ყველაფერმა საზოგადოებას საშუალება მისცა, რომ იმსჯელონ ასეთი ადამიანების სულიერი თუ გონებრივი განვითარების დონეზე, შეაფასონ, რამდენად რელევენტურია მათი შეფასებები და პროგნოზები, ხოლო თუ ასეთ ადამიანებს იმის პრეტენზიაც აქვთ, რომ იყვნენ საზოგადოებრივი აზრის შემქმნელები და წარმმართველები, ანუ ერქვათ სამოქალაქო აქტივისტები თუ პოლიტიკოსები, მით უფრო გამჭვირვალე და ადვილი შესაფასებელია მათი პიროვნებები.
ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალური საკითხებისადმი გამოთქმული შეფასებები და პროგნოზები, რომელსაც ყოველდღიურად ვკითხულობთ და ვისმენთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობაზე თუ პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე სუბიექტებისგან.
წლებია ვისმენთ ასეთი სუბიექტებისგან, რომ საქართველო ხდება რუსეთი, რუსეთმა დაიპყრო ქვეყანა, რუსეთს მიეყიდა ჩვენი ხელისუფლება, რუსეთის ინტერესებს ემსახურება ქართული ოცნება, რუსეთით უდგათ სული, რუსეთად აქციეს საქართველო და იძახიან - რუსეთო, ჩვენო დედა სამშობლო! მოკლედ, რუსეთია ყველა ბრუნვაში, ხოლო ქსენოფობიური სიძულვილით გაჟღენთილი მიმართვა - „რუსო“, „რუსო“, „რუსო“ სალანძღავ სიტყვად იქცა.
თანაც, ასეთი ხალხი საკუთარ თავს სხვებზე მაღლა მდგომ ინტელექტუალებად მიიჩნევენ თავს და ეს „ტოპ-ტვინები“ საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას თუ მის მიერ მიღებულ ნებისმიერ ახალ კანონს ისევ და ისევ რუსულს უკავშირებს. ეს პროპაგანდა ძალიან მცირე ხნით (ზოგჯერ მხოლოდ ერთი დღით) მუშაობს, გადის ცოტა ხანი და ყველასათვის აშკარა ხდება, რომ რასაც ეს ტოპ-ტვინები „რუსულს“ ეძახიან, დიდი ხნის აპრობირებული ყოფილა დემოკრატიულ ქვეყნებში.
ყველას გვახსოვს არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ „რუსული კანონად“ მოინათლა. მერე აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციების გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ამერიკული „ფარას“ კანონი გაცილებით უფრო მკაცრი ყოფილა და როცა ამ კანონის ქართულად გადმოკოპირება მოხდა, ტოპ-ტვინმა პროპაგანდისტებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და თქვეს, ესეც რუსულიაო. თავის პოზიციას იმით ამართლებდნენ, ამერიკაში ეს კანონი თითქმის 100 წლის წინ მიიღეს და თანაც, ნახავთ, ჩვენთან ეს დამოუკიდებელი NGO-ების და მედიის გაუქმებას გამოიწვევსო. ჯერ ერთი, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის წინ არის მიღებული კანონი, თუ ის დღესაც მუშაობს, ანუ საფრთხეები, რომლის წინააღმდეგაც ის არის მიმართული, დღესაც აქტუალურია. მაგ ლოგიკით, ამერიკის კონსტიტუცია 250 წლის წინ არის მიღებული და თურმე მოძველებული ყოფილა. მეორეც, ვხედავთ, რომ ამ კანონის ამოქმედებას საქართველოში არცერთი დამოუკიდებელი მედია ან NGO არ გაუუქმებია. თუ NGO თვითონ გაიუქმებს თავს, უარს იტყვის გამჭვირვალობაზე და დემონსტრაციულად გაანადგურებს დოკუმენტაციას და მტკიცებულებებს, როგორც ეს ბაია პატარაიამ განაცხადა, მაშინ იმდენად შავბნელი საქმეებით ყოფილან დაკავებულნი, რომ თურმე გამჭვირვალობას თვითლოკვიდაცია ურჩევნიათ.
ნოემბერ-დეკემბრის ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები ძალის გადამეტებით აღკვეთა ხელისუფლებამო, გაჰკიოდნენ ადგილობრივი და უცხოელი ტოპ-ტვინები, მაგრამ როდესაც დემოკრატიულ ქვეყნებში დაფიქსირებული მართლა გამორჩეული სისასტიკით აღკვეთილი ძალადობრივი მიტინგები ვნახეთ, ტოპ-ტვინები მაინც არ იტეხდნენ იხტიბარს და ამბობდნენ - იმ ქვეყნებში „დემოკრატიულად“ არბევდნენ მიტინგებს, ჩვენთან კი „რუსულადო“.
დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიციელებზე თავდამსხმელების მიმართ სასტიკი მოპყრობის და დასჯის კადრები ტოპ-ტვინებისთვის „დემოკრატიულია“, ჩვენთან კი „რუსული“. როდესაც საპროტესტო აქციებზე უცხოეთში ნიღბის ტარებას და მაშხალების სროლებს კრძალავს კანონი, იქ ეს „დემოკრატიულია“ მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ასეთი კანონები- „რუსული“. ამ დამოკიდებულებით საკუთარ თავსაც და სხებსაც ატყუებენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, რომ დღეს თუა არა ხვალ დაემხობა და ყველაფერზე აწერენ ხელს რაც არა ხელისუფლების, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იმუშავებს.
ადგილობრივ და უცხოელ ტოპ-ტვინებს საქართველოს ჩამოყალიბება უნდათ ისეთ ქვეყნად, სადაც დემოკრატიის ნიშანი უმრავლესობის მმართველობა კი არ არის, არამედ პირიქით. როგორც ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა, „უკუღმა ასინეთა, უკუღმა!“ ამიტომაც მისდით ასე უკუღმად საქმე ამ ტოპ-ტვინებისგან ტვინგამორეცხილ ოპოზიციურ მრევლს, რომ ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას ხელისუფლებაზე უკეთესს. რა თქმა უნდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის იდეალური და მასაც არაერთი რამ აქვს გამოსასწორებელი, მაგრამ სანამ ალტერნატივად ტვინ-ჩაკირული ოპოზიცია გვევლინება, რომელიც „რუსული-რუსულმა-რუსულს-რუსულის-რუსუ¬ლით-რუსულად-რუსულო“-ს გარდა ვერაფერს უკეთესს ვერ სთავაზობს საზოგადოებას, მანამდე ქართული ოცნება ხელისუფლებაში იქნება, ხოლო ნაცოპოზიცია - ჭაობში.
ამის მიზეზი მარტივია: ქართული საზოგადოების ჯანსაღ უმრავლესობას არ უნდა, ის რომ საქართველომ „უკუღმა“ იცხოვროს და „უკუღმა“ განვითარდეს”, - წერს ნანა კაკაბაძე.