სახალხო დამცველი ნინო დათაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი აგრძელებს ნინო დათაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობას.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მონიტორინგის ფარგლებში 2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მისი მონახულების და შესაბამისი შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატს მიმართული აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტისთვის.

2025 წლის 2 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა კვლავ მოინახულა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი. შეხვედრისას ნინო დათაშვილმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, არსებით გავლენას ახდენს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

საკითხის შესწავლის და შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატს დამატებით უკვე გამოთხოვილი აქვს ბრალდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად, თუმცა ვინაიდან ეს მონაცემები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციას მიეკუთვნება, აპარატის მიერ არ ხდება მისი გასაჯაროება.

სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით ზედამხედველობის განხორციელებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ნინო დათაშვილი 2025 წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ნინო დათაშვილი საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავა. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.