1752514398
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

12 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს N18 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავშირდა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანამხად, სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ შეხვდა და ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს.
„გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, 11 ივლისს, N8 პენიტენციურ დაწესებულების საკანში, სადაც ის შესახლებული იყო, შევიდა უცნობი პიროვნება, რომელმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა (მოგვიანებით დაწესებულების ადმინისტრაციამ შეატყობინა, რომ ეს პიროვნება მსჯავრდებული იყო).
გიორგი ბაჩიაშვილი დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს, ამჟამად კი N18 სამკურნალო დაწესებულებაში არის მოთავსებული. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის აპარატისგან ითხოვა, არ გასაჯაროებულიყო ინფორმაცია, ვიდრე ამის შესახებ მისი ადვოკატებისგან არ გახდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი.
სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალურ პენიტენციური სამსახურს (რელევანტური ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით), პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე, მსჯავრდებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ.
სახალხო დამცველის აპარატს აქვს აქტიური კომუნიკაცია მსჯავრდებულის ადვოკატებთან და გააგრძელებს პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მონიტორინგს“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.