საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ზურაბ ეზუგბაია

პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა და 76 ხმით მხარი დაუჭირა „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს.

მომხსენებლის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, კანონის გარდავალი დებულებით გათვალისწინებულია 2026 წლის პირველი იანვრიდან ე.წ. სოციალური ჭრის არსებული მექანიზმის შეცვლა, ხე-ტყის დამზადების ახალი მოდელის შემოღების გამო. მისივე თქმით, ხე-ტყის დამზადების ახალი მოდელის შექმნა ამ ეტაპისთვის ვერ ესწრება, მათ შორის მატერიალურ-ტექ ნიკური ბაზის შემდგომის შევსების საჭიროებიდან გამომდინარე. აგრეთვე, საჭირო იქნება პერსონალის რაოდენობის გაზრდა.

„აქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს რაიმე შეფერხება სათბობი შეშით მომარაგების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, გათვალისწინებულია 2027 წლის პირველ იანვრამდე გადავადდეს ფიზიკური პირის ინდივიდუალური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით საშეშე მერქნის მოპოვების უფლების გაცემა ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

ცვლილება ასევე უზრუნველყოფს, რომ 2027 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები დარჩეს დაცულ ტერიტორიებზე, ოპერატიული საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ შორის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, სანიტარიული და სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.