ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ოდენობით, საშუალოვადიან პერიოდში - 5,3%-ით. მშპ-ს დეფლატორის პროგნოზი 4%-ია, ხოლო მომდევნო წლებში - 3%. 2026 წელს საშუალო ინფლაციის პროგნოზი 3,6%-ია, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში (3%). მომავალ წელს ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი კი 10 900 დოლარს აჭარბებს. 2029 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 140,9 მილიარდ ლარამდეა ნავარაუდები, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 26,8 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც მშპ-ს 24,2%-ია. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5% იქნება, მთავრობის ვალის მაჩვენებელი - მშპ-ს 35%-ის ფარგლებში.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, აღნიშნული მაჩვენებლების გათვალიწინებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულების დაფინანსება 800,0 მილიონ ლარზე მეტით იზრდება. განათლების მიმართულების დაფინანსება 3,4 მილიარდ ლარამდეა. კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე 1 050,0 მილიონ ლარზე მეტი, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებაზე - 3,5 მილიარდ ლარზე მეტი, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი - 7,6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე 270,0 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის - 660,0 მილიონ ლარზე მეტი, გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის - 210,0 მილიონ ლარზე მეტი. 2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
პროექტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 26 800,0 მილიონი ლარი იქნება, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 350,0 მილიონი ლარი.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 30 290,8 მილიონი ლარით განისაზღვრება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა - 30 475,9 მილიონი ლარით.
„ჩვენ მზად ვართ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა თქვენთან ერთად გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, მომდევნო თვენახევრის განმავლობაში შევძლებთ, საბოლოოდ ჩამოყალიბებული ბიუჯეტი გვქონდეს, რომელიც უკვე დეკემბერში თქვენი მხარდაჭერით დამტკიცდება“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
კომიტეტმა ასევე მოისმინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტზე.
როგორც საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ კანონპროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე და შესაძლებელია საფუძვლიანად და კანონიერად შეფასდეს მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნინო ჯელაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის განხილვების დროს გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე, კომიტეტი დასკვნას მოამზადებს, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაც წარადგინა, რაც კომიტეტმა ცნობად მიიღო.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ თავდაცვის ძალების რაოდენობას.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება და ის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიღებასთან ერთად მტკიცდება.
„საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა 2026 წელს განისაზღვრება არაუმეტეს 37 000 სამხედრო მოსამსახურისა. თავდაცვის ძალების რაოდენობის შეზღუდვა არ გავრცელდება საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს, აგრეთვე, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.