1764070067
საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს
საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარუდგინა.
აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით არის განპირობებული და მიზნად ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის - MONEYVAL-ისა და გაეროს ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებას ისახავს.
მომხსენებლის განმარტებით, ამ კანონის რეგულირების სფეროს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
კანონპროექტის თანახმად, იზღუდება სანქციადაკისრებული პირებისთვის ფულადი სახსრების ან სხვა ქონების ხელმისაწვდომობა.
ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება ახალი თავი, რომლითაც მოწესრიგდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ფინანსური სანქციების ეფექტიან იმპლემენტაციას უზრუნველყოფს და არსებითად შეამცირებს სამართალდარღვევისა და ვალდებულების შეუსრულებლობის რისკებს.
პროექტის თანახმად, პირველ ჯერზე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ გაფრთხილება იქნება გამოყენებული, ქმედების განმეორების შემთხვევაში – ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას ფინანსური მონიტორინგის სამსახური განახორციელებს.
კანონპროექტის მიღების შედეგად ქვეყნის პოზიციები გაძლიერდება საერთაშორისო შეფასებებში და საქართველოს რეპუტაცია გლობალურ დონეზე გამყარდება. აგრეთვე, მნიშვნელოვნად ამაღლდება ტერორიზმისა და მისი დაფინანსების აღკვეთისთვის საჭირო მიზნობრივი სანქციების ეფექტიანობა და შესაძლებელი იქნება სანქციადაკისრებულ პირთა აქტივების დროული და სრული შეზღუდვა.
საგარეჯოში 40 წლის ქალს ეძებენ
1764072803












