"როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დე ლაიენმა როგორც იქნა რუკას დახედა და გაათვითცნობიერა, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება" - ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის კვლევაზე

ლევან მაჭავარიანი

 "როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დე ლაიენმა, როგორც იქნა რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის კვლევას გამოეხმაურა.

ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მიერ გუშინ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ "საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება."

მაჭავარიანის შეფასებით, კარგია თუ ევროკავშირი იაზრებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

"ევროკავშირში იყო რამდენიმე თვის წინ შეხვედრა შავის ზღვის რეგიონთან დაკავშირებით, დაკავშირებადობასა და სატრანზიტო ფუნქციებთან დაკავშირებით, სადაც მიწვეული იყო აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზიის ქვეყნები და იქაც საქართველო არ მიიწვიეს. ვიღაცის გაუაზრებელ პოლიტიკაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ და ძალიან კარგია, თუ ისინი იაზრებენ, რომ რეალურად ჩვენთან დიალოგისა და ურთიერთობების აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი თავად ევროკავშირისთვის," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.