1779191900
რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად? - მარკო რუბიო ნატოზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატოში ამერიკის წევრობის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.
ტელეკომპანია Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკის პირველმა დიპლომატმა კითხვა დასვა, თუ რისთვის არის ამერიკა ნატოს წევრი? მხოლოდ მოკავშირეების დასაცავად და არა ამერიკის ეროვნული ინტერესების გასატარებლად?
„რისთვის ვართ იქ? მხოლოდ მათ დასაცავად და არა ჩვენი ეროვნული ინტერესების გასატარებლად? ეს ძალიან დროული კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ“, - განაცხადა რუბიომ.
რუბიომ აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესში მუშაობისას ის ნატოს მხარს უჭერდა, რადგან ალიანსი ამერიკას სხვადასხვა ქვეყანაში სამხედრო ბაზების განთავსების უფლებას აძლევდა.
„შესაბამისად, როცა ნატოს პარტნიორები აღნიშნული ბაზების გამოყენებაზე უარს გვეუბნებიან, ჩნდება კითხვა, თუ რატომაა ნატო ამერიკისთვის სასარგებლო. ახლა, მაგალითად, ესპანეთმა უარით გაგვისტუმრა. მაშ, რა აზრი აქვს ალიანსს? ეს ემსგავსება ერთგვარ გამონათქვამს „ისინი მაშინ არიან მოკავშირეები, როცა მათ ეს ხელს აძლევს“, - დასძინა რუბიომ.
ამასთან ერთად, რუბიომ აღიარა, რომ არსებობენ ნატოს ისეთი წევრები, რომლებიც აშშ-ს ეხმარებიან.
„გამოვყოფ მხოლოდ ერთს - პორტუგალიას. მათ თანხმობა განაცხადეს მანამ, სანამ ჩვენ ვთხოვდით“, - თქვა მან.
რუბიოს თქმით, აშშ-ს აგრეთვე ეხმარებიან პოლონეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.











