რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში წარადგინა.

მან ფინანსურ და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ბიუჯეტის შემოსულობებსა და მის ხარჯვით ნაწილზე ინფორმაცია გააცნო და სახელმწიფო უწყებების მიხედვით, ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლები წარადგინა.

კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სარატიფიკაციო დოკუმენტზე - „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ ისაუბრა.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის ბოლო მონაკვეთის, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის, საქართველოს სესხის სახით 306.5 მილიონი ლარი გამოეყოფა.

მომხსენებელმა დეპუტატებს სასესხო პირობებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე მიაწოდა ინფორმაცია.

სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2027 წლისთვის, ხოლო სესხის თანხის სრულად ათვისება 2031 წლისთვის იგეგმება.

კომიტეტის წევრები პირველი მოსმენით გაეცნენ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა.

როგორც მან განმარტა, კანონს ახალი მუხლი დაემატება და აღინიშნება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანო, დისკრიმინაციის გამოვლენის მიზნით, შესაბამის ღონისძიებებს შეიმუშავებს და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის.

სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტი პლენარული სხდომაზე იმსჯელებს.