1762807115
რეალურად ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე - ბერდია სიჭინავა გიორგი გახარიაზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. გახარიას ბრალი დაუსწრებლად უკვე წარედგინა 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და ჩორჩანას ეპიზოდზე. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ჩორჩანას ეპიზოდი განიხილა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.
შედეგად, 100 ჰექტარი ტყე ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა დარჩა.
„რეალურად ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე, აქ სამართლებრივ პროცესებზე, არგუმენტებზე, მტკიცებულებებზე საუბარი არ არის, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი კი არა, ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობდა, რომელიც ობიექტურ პირს დაამტკიცებდა რაიმე ფორმით გიორგი გახარიას ბრალეულობაში. რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას აქვს თავისი არგუმენტები, არასდროს დამალვია არც ერთ კითხვას. თუ რეალურად დაინტერესებული არიან გიორგი გახარიას პასუხების მოსმენით, რა პრობლემაა, დისტანციურად მისცენ შესაძლებლობა მისცეს გამოძიებას ჩვენებები“, - აცხადებს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
გახარიას მიმართ სისხლის სამართლის წარმოება ასევე 20 ივნისის ეპიზოდზეც მიმდინარეობს, მას პროკურატურა ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.












