რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი შტურმს, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებს რწმუნებათა სიგელს - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უცხოელი აქტორებისგან 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ შეფასებები არ გაკეთებულა და საინტერესოა, რატომ არ გმობენ მომხდარს.

„იქ, ვინც მივიდა, ყველა მივიდა ერთი მიზნით, დაემხოთ ხელისუფლება. ხელისუფლების დამხობის შემდეგ მანიფესტი წაიკითხეს, გადაიბარეს ხელისუფლება, ამას ტაში დაუკრეს იქ მყოფმა ადამიანებმა, 5-7 ათასმა ადამიანმა, ვინც იქ იდგა, ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, წავედით და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო, წავიდნენ ჩასაბარებლად და დაიწყეს გასაღების ჩაბარება, პოლიციამ გამოაგდო და ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია და ღობეში რატომ არ იყო დენი გატარებულიო. საბოლოო ჯამში, რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას. ჩვენ რომ გიჟები ვართ, ვიცით და რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით და ტყვიამფრქვევებითო? სალომე ზურაბიშვილის მიერ პრაღაში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა. ამიტომ არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში. დღეს ყველა დაიმალა და კრინტი არ გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.