1792663955
რატი იონათამიშვილი: ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს პროცესებში ჩაერიონ, ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ილაშქრებენ
ევრობიუროკრატებს უფლება არ აქვთ, სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებსა და პროცესებში ჩაერიონ. ისინი ამით სახელმწიფოს სუვერენიტეტში ერევიან და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ პირდაპირ ილაშქრებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, დიდი ხანია, ევრობიუროკრატები ორმაგ სახეს და ორმაგ სტანდარტებს არიან ამოფარებულები.
„მსგავსი განცხადებები ძირს იმ ინსტიტუტების სანდოობას უთხრის, რომლებსაც თითქოსდა ისინი წარმოდგენენ. მით უმეტეს, როდესაც მთელი ეს პროცესი გამჭვირვალე, საჯაროა. საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს აკვირდება და მას სასამართლოსთან ერთად ის მანდატი აქვს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება გამოიტანოს. „ალდე“ ის პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც მაგალითად, ალეკო ელისაშვილის ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას აერთიანებდა. დასამართლოზე მისი თავდასხმა გვახსოვს, მაგრამ მაშინ, „ალდე“-ს ეს ტერორისტული აქტი არც დაუგმია, არც შეუფასებია, არც გამიჯნია, რითაც პოლიტიკური ტერორიზმი წახალისდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად, საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებს არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სხვაგვარი უფლება არ აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და საკონსტიტუციო პროცესებში ჩაერიონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომას ეხმიანება, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავენ. როგორც „ალდეს“ განცხადებაშია ნათქვამი: „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“











