რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნება იყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისა და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით

 რატი იონათამიშვილი

 ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნება იყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისა და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა და რომლის მიზანია კორუფციის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა უმნიშვნელოვანესია.

„გაძლიერდა მუშაობა ამ მიმართულებით. მთავარი არ არის კონკრეტული საქმეები, მთავარი არის ისეთი სისტემის უზრუნველყოფა, სადაც კორუფციის ელემენტარული შანსი და ადგილიც არ იქნება. ჩვენ სწორედ აქეთკენ მივდივართ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი - ერთის მხრივ, კონკრეტულ დანაშაულებზე შესაბამისი რეაგირება მაგრამ უმთავრესი არის, რომ თვითონ სახელმწიფო იყოს ღია და თავისუფალი ნებისმიერი კორუფციული რისკებისგან. ამას შესაბამისი ქმედებები მიჰყვება. ისეთი როგორიც არის კანონმდებლობის გამტკიცება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, საგამოძიებო მიმართულებების გააქტიურება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, რაც უფრო გამჭვირვალეა პროცესები, მით უფრო დაცული სახელმწიფო კორუფციისგან.

„ორგანიზებული უნდა იყოს სახელმწიფო ისე, რომ არავის არ წაუცდეს ხელი მსგავსი დანაშაულის ჩადენისკენ. ჩვენ სწორედ აქეთ მივდივართ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას უკავშირდება.

„გვაქვს ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდის დანერგვას. ეს გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი კონკურენცია, გაუმჯობესდება ხარჯეფექტიანობა, რაც აისახება შესრულებული სამუშაოების ხარისხზე“, - განაცხადა პრემიერმა.