რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა - გივი მიქანაძე

 გივი მიქანაძემ ჩუღურეთის რაიონის სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფორმების კულტურა, რომელიც რამდენიმე წელში ყველა კლასში დამკვიდრდება.

"ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრულიად საქართველოს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა მივულოცო ყველა პირველკლასელს, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარს და მიუსხდებიან მერხებს. ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ სასწავლო წელს.

წელს, 2085 საჯარო სკოლიდან 2070-ში ვიწყებთ დასწრებით სასწავლო პროცესს. 11 სკოლა გვაქვს გადასული ონლაინ რეჟიმში. 4 სკოლა, რომელშიც მთავრდება სრული რეაბილიტაცია, ან ახალ აშენებულია, 16 -18 სექტემბერს დაიწყებს სასწავლო პროცესს.

პირველ, მეშვიდე და მეათეკლასელებს დახვდებათ სრულიად ახალი სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მიმართულებებში, ფიზიკასა და ქიმიაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სასწავლო წლიდან, წელს შემოგვაქვს ფორმის კულტურა საჯარო სკოლებში. 15 სექტემბერს პირველკლასელები უკვე სასკოლო ფორმით აღჭურვილნი მიეშურებიან სკოლებში. უახლოესი ორი თვის განმავლობაში, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასელებსაც უზრუნველვყოფთ სასკოლო ფორმებით და ეს ეტაპობრივად, ყოველწლიურად გაიზრდება თითო კლასით. რამდენიმე წელიწადში, სკოლაში ერთიანად დამკვიდრდება სასკოლო ფორმის კულტურა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.