ქეთევან ბაკარაძე: ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიუღებელია და არის ეროვნული ინტერესების ღალატი

ქეთევან ბაკარაძე

რაც გაჟღერდა გვარამიას მხრიდან, თანხვედრაშია იმ კონტექსთან, რაც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა მისივე პარტიის წარმომადგენელმა ბატონმა ბარამიძემ, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, როგორ შეიძლება სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტების შედარება სომხეთის მაგალითთან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს აბსოლუტურად ერთმანეთისგან შეუთავსებელია თემებია.

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქისთვის და აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლისთვის, ესაა აბსოლუტურად მიუღებელი და ნამდვილად ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი. ამ თვის განმავლობაში ძალიან ხშირად გვესმის პაპუაშვილისგან, კობახიძისგან – აგვისტოს თვეში , რომელი თვეც საკმაოდ მტკივნეული და მძიმე თვეა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ თითქოს ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო ომი, ესაა ყველაზე დიდი დანაშაული, ყველაზე დიდი ბრალდება და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს. ჩვენთვის აბსოლუტურად სულერთია კობახიძე-პაპუაშვილის დუეტი იქნება მსგავსი სისულელის გამჟღერებელი თუ გვარამია-ბარამიძის დუეტი. ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, აბსოლუტურად მიუღებელია და არის ეროვნული ინტერესების ღალატი“, – განაცხადა ბაკარაძემ.

ცნობისთვის,​ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.