პრემიერი: საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მომავალშიც, საჭიროა მაქსიმალური წამახალისებელი ზომების მიღება, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სექტორი განვითარდეს

კობახიძე

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მომავალშიც, - განაცხადა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატ ვატო თურნავას კითხვაზე პასუხისას.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებაზე და ხაზი გაუსვა ამ ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად დატვირთვის მნიშვნელობას.

„ზოგადად სივრცე განვითარებისთვის ძალიან დიდია. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჩვენს ეკონომიკაში, თუმცა იმდენად დიდია პოტენციალი, მაქსიმალური ინვესტიციაა ჩასადები ამ მიმართულებით. თქვენ გაქვთ გამორჩეული გამოცდილება ამ სფეროში და მზად ვართ, მთავრობის შესაბამის წევრებთან ერთად აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ახალ-ახალი ინიციატივები წარვადგინოთ ამ სფეროში. ერთ-ერთი ინიციატივა იყო სამწლიან ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული. საჭიროა მაქსიმალური წამახალისებელი ზომების მიღება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სექტორი განვითარდეს. მზად ვართ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.