1759260719
პრემიერი: განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ხაშურის განვითარებას. გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი ხაშურში და ესეც არის ხაშურის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულება

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლებში ხაშურის განვითარებას, მათ შორის, აშენდება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დღეს, ორი პირის დაკავებას შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება სამართლებრივი რეაგირება.
„არის ხარვეზები სხვადასხვა მიმართულებებით და, სწორედ, ამ ხარვეზების გამოვლენას ემსახურება ის საქმიანობა, რომელსაც აწარმოებენ როგორც შესაბამისი სამინისტროები, ასევე ძალოვანი უწყებები. ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი გამოვლინდა ხაშურში, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებიც იყო და, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი შემთხვევისას ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება. რაც შეეხება ხაშურს, აქ პრობლემაა ის, რომ ორი სხვადასხვა პროექტის მიმართ გამოვლინდა ასეთი ხარვეზი - ეს იყო წყალმომარაგებასთან დაკავშირებული სამუშაოები და სკოლებთან დაკავშირებული სამუშაოები, სადაც იყო ხარისხის პრობლემა, დაგვიანების პრობლემა. რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევაში გვჭირდება სამართლებრივი რეაგირება, რადგან მოქალაქეები ზარალდებიან ამ ყველაფრით და ამის დაშვება არ შეიძლება. ხაშურს, კონკრეტულად, სჭირდება მეტი ყურადღება, ვიდრე ექცეოდა გასული წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. ეს ქალაქი იყო ყველაზე ნაკლები ყურადღების ქვეშ, რაც არ ვიცი რით აიხსნება. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები იყო კონკრეტულად ამ მუნიციპალიტეტში, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ მომდევნო წლებში ხაშურის განვითარებას. მათ შორის, პრიორიტეტულად აშენდება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრი ხაშურში, რითაც ხაშურის ახალგაზრდობა და ზოგადად ყველა თაობის ადამიანები ისარგებლებენ. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სპეციფიკური სურათი გვაქვს ხაშურში, ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც კონკურენტი არის დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა ისიც შევიდა გარიგებაში შესაბამის ოპოზიციურ ძალებთან, სხვანაირად შეუძლებელიც იყო, როდესაც მონაწილეობ არჩევნებში ოპოზიციის ხაზით.
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი კანდიდატი ხაშურში, საგანგებოდ შევარჩიეთ ხაშურისთვის ისეთი კანდიდატი, რომელიც განსაკუთრებული გამოცდილებით გამოირჩევა. კერძო სექტორში ის ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებდა, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და ესეც არის ხაშურის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულება. კიდევ ერთხელ მინდა დავპირდე ამ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ხაშურსა და მის მოსახლეობას მომდევნო წლებში“, - განაცხადა პრემიერმა.