პრემიერ-მინისტრი ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით უპასუხებს კითხვებს - რიმა ბერაძე

რიმა ბერაძე

უმაღლესი განათლების რეფორმა და Eagle Hills-ის პროექტი - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძის განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეული პრემიერ-მინისტრი დღეს სწორედ ამ ორ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

რიმა ბერაძის თქმით, ამ საკითხების წამოჭრა საზოგადოების განსაკუთრებულმა ინტერესმა გამოიწვია.

"პრემიერ-მინისტრი უპასუხებს კითხვებს ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე: პირველი, განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, მეორე - იმ მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, რომელიც შეეხება Eagle Hills-ის. ეს პროექტი არის უპრეცედენტო და ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ კითხვაზე იქნა გაცემული პასუხი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი კონკრეტულად ყველა საკითხთან დაკავშირებით გასცემს კონკრეტულ პასუხს," - აცხადებს რიმა ბერაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ქართულმა ოცნებამ" მიიწვია. მთავრობის მეთაური უპასუხებს დასმულ შეკითხვებსაც, რის შემდეგაც, რეგლამენტით გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები. პრემიერს პარლამენტში 12:00 საათისთვის ელოდებიან.