პირველი კანონმდებლის ვიზიტი მონტენეგროში - დღეს შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას პარლამენტის სპიკერს შეხვდება

 შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პირველი კანონმდებელი განაგრძობს ვიზიტს მონტენეგროში. დღეს შალვა პაპუაშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და ბოსნია და ჰერცოგოვინას პარლამენტის სპიკერთან.

მანამდე კი, შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვიდა ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტზე. შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო წესრიგის კრიზისსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საპარლამენტო დიპლომატიის როლს და საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროპა-აზიის დაკავშირებადობის კონტექსტში. აქცენტი გაკეთდა "შუა დერეფნის" განვითარებასა და ენერგეტიკულ პროექტებზე.

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილი მონტენეგროში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იმყოფება. ისტორიული ფორუმის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. შეხვდა მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს, ასევე ჰქონდა შეხვედრა მალტელ კოლეგასთან.