პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენი კი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

პაპუაშვილის განმარტებით, მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.

„როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში.

„ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში, აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას – წლიურად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.