„პასუხს გასცემს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე - იმ დეტალებზე, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას სიცრუეზე აგებულ კამპანიას“ - დავით მათიკაშვილი პარლამენტში პრემიერის ინტერპელაციის წესით დაბარებაზე

დავით მათიკაშვილი

რამდენიმე წუთში პარლამენტის წინაშე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგება. ირაკლი კობახიძე უკვე საკანონმდებლო ორგანოშია. მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით "ქართულმა ოცნებამ" მიიწვია.

მთავარი აქცენტი უმაღლესი განათლების რეფორმასა და "იგლ ჰილსის" პროექტზე გაკეთდება. მთავრობის მეთაური უპასუხებს დარბაზში დასმულ შეკითხვებსაც, რის შემდეგაც, რეგლამენტით გათვალისწინებულია პოლიტიკური გამოსვლები.

"განათლების უპრეცედენტო რეფორმა, ესოდენ მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც წარიმართება ჩვენს ქვეყანაში და რომელიც იქნა დაანონსებული როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე განათლების მინისტრის მიერ და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ეკონომიკაზე 11-მილიარდიანი ეფექტის მოხდენა შეუძლია და აქვს ამისი რესურსი, 30 000-ზე მეტი მუდმივი თუ დროებითი სამუშაო ადგილი, მილიონობით ყოველწლიური შენატანი ქვეყნის ბიუჯეტში... საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე გასცემს პასუხს, იმ დეტალებზე, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას სიცრუეზე აგებულ კამპანიას, როგორც ერთი, ისე მეორე მოვლენის მიმართ," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.