პარლამენტში „საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება

პარლამენტი

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქციის საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესები და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება;
მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. კერძოდ, წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. ამჟამად, კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენია მის მიერ შევსებული ორი დოკუმენტი - სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად, რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი შეავსებს მხოლოდ არჩევნების მონაწილეობის თანხმობის ფორმას, სადაც თანხმობასთან ერთად აღინიშნება ბინადრობის ცენზისა და პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაცია;
იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან რეგისტრირებულ კანდიდატს გაუუქმდება რეგისტრაცია;

პროექტით, ასევე: ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით ფოტოვიდეოგადაღების წესები; დგინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე; კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხები და სხვა.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.