პაპუაშვილი ირანში განვითარებულ მოვლენებზე: როდესაც მორღვეულია საერთაშორისო სამართალი, წესრიგი და ამ დროს ხდება რეგიონში მსგავსი პროცესები, ჩვენი მთავარი არსი არის ამ ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა

პაპუაშვილი

როდესაც მორღვეულია საერთაშორისო სამართალი, წესრიგი და ამ დროს ხდება რეგიონში მსგავსი პროცესები, ჩვენი მთავარი არსი არის ამ ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი ტურბულენტობა ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის რისკის შემცველია.

„ზოგადად, როდესაც რეგიონში მსგავსი პროცესებია, აქ კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ სად ვართ, რომელ რეგიონში ვართ, როგორ რეგიონში ვართ. აქ ხომ არ ვართ პირველად. ასე ვართ ათასწლეულები და რაც ხდება, ასეთი ტურბულენტობა მომხდარა ბევრჯერ საუკუნეების განმავლობაში. ჩავიხედოთ ჩვენს გენეტიკურ დონეზე დალექილ გამოცდილებაში და უნდა მივხვდეთ, რომ ამ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელსაც ზედ ემატება ის, რომ მოიშალა საერთაშორისო წესრიგი, რომ საერთაშორისო სამართალი, ცნება უკვე არის წყალშემდგარი, ის ინსტრუმენტები, რომლებზეც ჩვენნაირი მცირე ქვეყნებია, მთავარ თავის ინტერესებს აფუძნებენ, ეს არის ჩვენი ძალა, იარაღი და ფარი, საერთაშორისო სამართალი, როდესაც მორღვეულია საერთაშორისო სამართალი, მორღვეულია საერთაშორისო წესრიგი და ამ დროს ხდება რეგიონში მსგავსი პროცესები, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი არსი არის, რომ ამ ქარიშხალში მშვიდად გავიაროთ ისე, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, ამოსავალი წერტილი არის, რომ არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა. ნებისმიერი ტურბულენტობა ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის რისკის შემცველია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.