ნინო წილოსანი: უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს

ნინო წილოსანი

უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისი შეფასებით, ჩანაცვლებითი თერაპიასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დროს.

„ინიციატივას ბოლომდე მივიყვანთ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება. რა თქმა უნდა უკომპრომისო ვიქნებით როგორც ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში, ასევე იმ ადამიანების თუ სუბიექტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ნარკომოხმარებას უწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ჩანაცვლებითი თერაპია სრულად იყო სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილი და არ იყვნენ კერძო სუბიექტები ჩართული იმგვარად, რომ გავრცელებას უწყობდნენ ხელს არა თუ ამ ყველაფრის პრევენციას, თავისთავად ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების დროს“, - განაცხადა წილოსანმა.

ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.