ნინო წილოსანი: ის ბრალი, რაზეც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, არის ფაქტები, რომელსაც საჯაროდ ვხედავდით. მათ შორის იყო მოწოდება სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ეს ყველაფერი მათივე საწინააღმდეგოდ იმუშავებს

ნინო წილოსანი

სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე ოპოზიციური სპექტრის 8 წარმომადგენლის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისაუბრა. მისი თქმით, თვალსაჩინოა ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგოდ, წინასწარი, მტრული განზრახვებით განხორციელებული ქმედებები.

„ამ ადამიანების მხრიდან ჩვენ წლებია ვხედავთ მოქმედებას, ვუყურებთ მოწოდებებს და ის ბრალი, რაზეც მთავარმა პროკურორმა ისაუბრა, არის ფაქტები, რომელსაც საჯაროდ ვხედავდით. მათ შორის იყო მათივე მოწოდება სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევის, თავდასხმის, სახელმწიფოს გადატრიალების. ეს ყველაფერი მათივე საწინააღმდეგოდ იმუშავებს და სწორედ ამ წარდგენილი ბრალის შესაბამისად, იმედი მაქვს რომ შესაბამისი უწყებები დაადასტურებენ და დაამტკიცებენ ჩვენს ხელთ არსებულ და ჩვენს თვალწინ მათი მხრიდან ჩადენილ არაერთს დანაშაულს“, - განაცხადა წილოსანმა.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.