ნინო წილოსანი - ეუთო\ოდირ-ის მიმართ თავდასხმების ფონზე, მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისგან თავს შეიკავებდნენ

ნინო წილოსანი

საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ ეუთო\ოდირის მიმართ აგრესიისა და თავდასხმების ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებისგან თავს შეიკავებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ეუთო/ოდირ-ის წერილში ვადასთან დაკავშირებით ფორმალური პასუხია მოცემული.

„მოსალოდნელიც იყო, რომ იმ აგრესიის და თავდასხმების ფონზე, რაც ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ გამოიარა, თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებას მოერიდებოდნენ. გავიხსენოთ, მათი უმაღლესი წარმომადგენლის, პია კაუმას ვიზიტისას როგორი ტალღა იყო აგორებული, მათ შორის მოღალატე ოპოზიციურმა პარტიებმა მას ერთობლივი წერილიც გაუგზავნეს, რომ არ ჩამოსულიყო. ეუთო\ოდირის მიმართ იყო თავდასხმები, რომელიც არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ქვეყნის გარედანაც იგზავნებოდა და არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი აკეთებდა დაუმსახურებელ და დამაკნინებელ განცხადებებს. ამის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ისინი ამ ყველაფრისგან თავს შეიკავებდნენ.

რაც შეეხება ვადას, რომელიც მათ წერილშია მოცემული, ეს ფორმალური პასუხია, ისინი ვერ იტყოდნენ, რომ შეეშინდათ ადგილობრივი „ორკების“ და აქ არსებული არაჯანსაღი სიტუაციის, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიაში იმ უხეში ჩარევის, რომელსაც ფაშისტური ჯგუფები აორგანიზებენ. რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირს თავის ანგარიშში აუცილებლად ექნებოდა მინიშნება იმ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ორი დღის განმავლობაში ვხედავთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათიც უნდა გავიგოთ, რომ მისიაში მონაწილეობას თავი აარიდეს. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები იმ მასშტაბის და დატვირთვის არ არის, რომელშიც ეუთო/ოდირი ერთვება ხოლმე. ჩვენ ეს ადრეც განვაცხადეთ და ამავდროულად, ვთქვით, რომ მათ სპეკულაციებისგან თავის ასარიდებლად მოვიწვევდით. შეიძლებოდა თუ არა უფრო ადრე მოწვევა? რა თქმა უნდა, არა, რადგან „ქართული ოცნების“ გარდა, არცერთ სხვა პარტიას არ ჰქონდა დადასტურებული, რომ მონაწილეობდნენ არჩევნებში – ერთმანეთში ჭიდაობდნენ, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, ერთმანეთს აბულინგებდნენ. დაკვირვების ობიექტი თუ მარტო „ქართული ოცნება“ იქნებოდა, დამკვირვებლების მოწვევა გარკვეულწილად, აზრსაც კარგავდა. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენი რადიკალი მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ ველზე, ლოგიკური იყო ჩვენი მხრიდან ეუთო/ოდირის მოწვევა. პრემიერმა განცხადება მყისიერად გააკეთა, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეუთო/ოდირმა თავი შეიკავოს იმ მიზეზების გამო, რაც არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უკავშირდება“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირ-მა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს. ეუთო/ოდირ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს“.