ნატო რუსეთის დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს და მომხდარს მოსკოვის დაუდევარ ქმედებას უწოდებს - მარკ რუტე

მარკ რუტე

ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს და მომხდარს მოსკოვის დაუდევარ ქმედებას უწოდებს.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის ძალებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორია წარმატებით დაიცვეს.

რუტე აღნიშნავს, რომ რუსული დრონების ჩამოგდება პოლონეთის, იტალიის, ნიდერლანდებისა და გერმანიის საჰაერო თავდაცვითი ძალებით ერთობლივად შეძლეს.

„ალიანსის წევრები პოლონეთს სოლიდარობას უცხადებენ და გმობენ რუსეთის დაუდევარ საქციელს. მიმდინარეობს მომხდარი ინციდენტის სრული შეფასება. ერთი რამ ცალსახაა: საჰაერო სივრცის დარღვევის წუხანდელი ფაქტი არ არის იზოლირებული ინციდენტი. შეფასდება, ეს განზრახ ქმედება იყო, თუ არა. თუმცა ეს სრული დაუდევრობაა და ძალიან სახიფათოა. მივმართავ პუტინს: „შეწყვიტე ომი უკრაინაში, შეწყვიტე ომის ესკალაცია“, - თქვა რუტემ.