ნინო წილოსანი ერთნაირსქესიანთა საკითხზე ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს გადაწყვეტილება პირდაპირ პასუხს სცემს ყველა უგუნური პროპაგანდისტის ირონიულ კითხვას - „ააა, ქართველი კაცების გათხოვებას გვიპირებენ?!“

ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რის მიხედვითაც, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ყველა წევრი სახელმწიფოს მასშტაბით უნდა იყოს აღიარებული.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, სხვა ქვეყნის ხალხის არჩევანი ვერ იქნება ქართველი ხალხის არჩევანზე უპირატესი.

„ეს გადაწყვეტილება პირდაპირ პასუხს სცემს ყველა უგუნური თუ მავნებელი პროპაგანდისტის ირონიულ კითხვას - „ააა, ქართველი კაცების გათხოვებას გვიპირებენ?!“. ეს სასამართლო გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ იმის მიუხედავად, რომ ქართველმა ხალხმა რეფერენდუმივით არჩევანი გააკეთა, რომ ოჯახური ღირებულებები ჩვენთვის არის კაცსა და ქალს შორის ურთიერთობა, ოჯახი არის ქალი და კაცი, შესაბამისად, ბავშვებიც უნდა დავიცვათ ლგბტ პროპაგანდისგან, თურმე ეს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთით შევასრულეთ, არაფერია, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ.

ეს იყო საითაც მიდიოდა ყველაფერი და ეს ჩვენ გაცილებით ადრე, რამდენიმე წლით ადრე ამოვხსენით და დავინახეთ. პროცესები ისე ვითარდებოდა, ჩვენ თავის დროზე განვჭვრიტეთ, რომ ეს იქნებოდა საბოლოო შედეგი.

ჩვენ, ხალხის კანონმდებლებს, ეროვნულ დონეზე დაგვავალეს ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ ოჯახის დეფინიცია იყოს ქალისა და კაცის შემადგენლობა, ამას ვერავინ და ვერაფერი შემოუვლის გვერდს. სხვა ქვეყნის ხალხის არჩევანი ვერ იქნება ქართველი ხალხის არჩევანზე უპირატესი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი და გააკრიტიკა პოლონეთი იმის გამო, რომ ვარშავამ საკუთარი ორი მოქალაქის გერმანიაში დარეგისტრირებული ქორწინების აღიარებაზე უარი თქვა.