ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

ნიკა მელია

„დიახ, მივდივარ, წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში", - ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

გადაწყვეტილების შესახებ პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა მოჯადოებული წრე, რომელიც ითვალისწინებს ყველას ინტერესს, გარდა ხალხის ინტერესისა. ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალსა და საქართველოს მომავალზე.

პოლიტიკური კლასის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი დღეს არის ფული, მე კი მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლის მთავარი იარაღი არის სიმართლე, სიტყვის ფასი, გულწრფელობა.

სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ საკუთარ პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა. 

ვიცი რა ხდება თქვენს გულებში, ჩემს გულშიც იგივე ტრიალებს. თქვენ რომ დაკარგეთ ნდობა პოლიტიკური კლასის, მეც ასევე დავკარგე პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ნდობა. ახლა მაქვს ორი არჩევანი - ან ვითვალთმაქცო ისე როგორც უმეტესობამ, მოვირგო ეს ნიღაბი და ნიღბით ვიყო, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, საკუთარ თავთან და თქვენთან მართალი. ან უნდა მივიღო პოლიტიკური კორუფციული თამაშის წესები ან დავრჩე ხალხთან და ერთად შევცვალოთ ეს თამაშის წესები.

დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ყოველთვის იმაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე ვინმემ შეიძლება ხალხი იყიდოს. მართალი ხალხი არ იყიდება, ჩვენ კი პოლიტიკაში მათთვის სივრცე უნდა გავაჩინოთ.

მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში.“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე ნახეთ:

დოლარის ფასი შეიცვალა - ნახეთ განახლებული კურსი

„ბრალდება მძიმეა, პარტია ერკვევა საქმის დეტალებში“ - „ევროპული საქართველო“ თანაპარტიელის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი რამის დაწერა თუ მომიწევდა...“ - ბაბი კირკიტაძე მიმართვას ავრცელებს