ნათია თურნავა: სამთავრობო ობლიგაციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესი მიუთითებს, რომ საქართველოს სუვერენული რისკები დაბალია

ნათია თურნავა

ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკის გუნდი, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებში, სადაც საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების განთავსების კომენტირებისას განაცხადა.

სებ-ის ინფორმაციით, ქართულ ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ – 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე ხუთ-ნახევარჯერ მეტია. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.

„ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ინვესტორები საქართველოს შემცირებულ რისკებს ხედავენ, რაც კუპონის განაკვეთშიც აისახა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ინვესტორების თვალში საქართველოს სუვერენული რისკები უფრო დაბალია, ვიდრე 2021 წელს, როდესაც ქვეყანამ პირველად გამოუშვა ევრობონდები.

„მაღალი ინტერესი განპირობებულია ნდობით ქვეყნის ეკონომიკის, ეკონომიკური განვითარების, სამთავრობო პოლიტიკისა და იმ მშვიდობიანი გარემოს მიმართ, რომელიც საქართველოში შენარჩუნდა, მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.