ნანა კაკაბაძე: თუ ევროკავშირი არ დაიშალა და საქართველო გახადეს მისი სრულუფლებიანი წევრი, გაყოყოჩებული ბრიუსელი უფრო მეტად შეგვიზღუდავს ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას

ნანა კაკაბაძე

სახელმწიფოებრივი აზროვნების დასაწყებად, უპირველესად საჭიროა, რომ ხელისუფლება გათავისუფლდეს ლიბერალური პროპაგანდის შედეგად თავსმოხვეული კომპლექსებისგან და მყარად დაეშვას მიწაზე. გადადგას ქვეყნისათვის სასიკეთო ის ისტორიული ნაბიჯები, რომლის საშუალებასაც იძლევა გადალაგების პროცესში მყოფი მსოფლიო. დასრულდა ჰაერში ფრენის და ილუზიებზე ჩამოკიდების 33 წლიანი ისტორია, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - მითი თუ რეალობა?

ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები ვერ გამოფხიზლებიან და ვერ დააღწევენ თავს ფსევდო ლიბერალურ ბურუსს, ხოლო ჩვენი საზოგადოება ისევ ვიაზროვნებთ 90-იანი წლების კატეგორიებით, ასეთ შემთხვევაში დიდი მანძილით ჩამოვრჩებით ძალიან სწრაფი ტემპით გაქროლებულ ახალ პოლიტიკურ ცვლილებებს, ეს კი ჩვენს ქვეყანას პოლიტიკური მაჩანჩალის როლში აღმოაჩენს.

სახელმწიფოებრივი აზროვნების დასაწყებად, უპირველესად საჭიროა, რომ ხელისუფლება გათავისუფლდეს ლიბერალური პროპაგანდის შედეგად თავსმოხვეული კომპლექსებისგან და მყარად დაეშვას მიწაზე.

გადადგას ქვეყნისათვის სასიკეთო ის ისტორიული ნაბიჯები, რომლის საშუალებასაც იძლევა გადალაგების პროცესში მყოფი მსოფლიო.

დასრულდა ჰაერში ფრენის და ილუზიებზე ჩამოკიდების 33 წლიანი ისტორია.

ერთი ფეხით ნატოზე ხოლო მეორე ფეხით ევროკავშირზე ჩამოკიდებამ პოლიტიკურ ყულფში გაგვაყოფინა თავი.

უფლის შეწევნით მოგვისწრო დრომ, როდესაც ისტორიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებმა თვითონ გადაჭრეს და თავისუფლად ამოსუნთქვის შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენ კი ისევ ილუზორულად ვაგრძელებთ იგივე პოზაში ყოფნას.

დღეს ყველა ვხედავთ, რომ ამერიკა ამბობს უარს ევროპის ძიძობაზე მის პატრონობაზე, რასაც თვითონ ევროპაც ვერ მალავს და იქ უკვე ღიად აცხადებენ, რომ ამერიკა აღარ უნდა განიხილებოდეს ევროპის პარტნიორად.

თვითონ ევროპელები ამბობენ, ამერიკის მიერ გრენლანდიის მიტაცება (ანუ ნატოს წევრ დანიასთან ღია კონფრონტაცია) ნატოს დაშლას გამოიწვევს, ხოლო ტრამპი პირდაპირ აცხადებს, ნატო აშშ-ს გარეშე არაფერს წარმოადგენსო, რითაც დამამცირებლად აკნინებს ევროპის მნიშვნელობას.

ამერიკის მხრიდან ევროპის ასეთ დამცირებაზე, ევროპელებს ადეკვატური პასუხი არა აქვთ.

ტრამპის მხრიდან გაკეთებულ შეურაცმყოფელ განცხადებებზე ევროპაში მხოლოდ ზოგიერთები გამოთქვამენ მორიდებულ და შეშინებულ პროტესტებს.

ევროპის შიგნით სულ უფრო ძლიერდებიან ცენტრიდანული ძალები (უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, სერბეთი, პოლონეთი), რომლებიც ვეღარ ეგუებიან ბრიუსელის დიქტატს.

ისეთი სურათი იქმნება, რომ რუსეთი და ამერიკა დალაგდნენ ერთმანეთში და მსოფლიოზე გავლენის სფეროებს ინაწილებენ.

მართალია, აკაცუკური ლოგიკით საქმე პირიქითაა და ტრამპი რუსეთის მოკავშირეებზე თავდასხმებით სულ უფრო ასუსტწბს მის გავლენებს და დღეს თუ არა ხვალ რუსეთს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი სწორხაზოვანი მსჯელობა არ შეესაბამება რეალობას.

აშკარად ვხედავთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი მაქსიმალურად ერიდება არა მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირებას, არამედ რუსეთზე საუბრისას მის მიმართ კონფრონტაციულ ტონსაც კი.

სულ ახლახანს ამერიკელებმა დააკავეს რუსეთის დროშით მცურავი ტანკერი, რომელზეც უკრაინის 17, საქართველოს 6, ინდოეთის 3 და რუსეთის 2 მოქალაქე იმყოფებოდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დღეისათვის რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ტრამპის ბრძანებით მათგან მხოლოდ რუსეთის 2 მოქალაქეა გათავისუფლებული.

ამ დროს კი ჩვენ ისევ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ირგვლივ ვტრიალებთ, ისევ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ ვიქაჩებით.

დროა ამოვიღოთ კონსტიტუციიდან ეს შეურაცმყოფელი მუხლი როგორც კონსტიტუციიდან, ასევე ტვინებიდან.

მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით ნატო ჩვენთვის უსაფრთხოების კი არა, საფრთხის შემცველ ორგანიზაციადაა ქცეული (იხ. უკრაინის მაგალითი).

რაც შეეხება ევროკავშირს, პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად, ან მუდმივ კანდიდატებად დავრჩებით (თურქეთის, სერბეთის და სხვათა მსგავსად), ან კანდიდატის სტატუსსაც ჩამოგვართმევენ.

იმ შემთხვევაში თუ მოხდა სასწაული, ევროკავშირი არ დაიშალა და საქართველო გახადეს მისი სრულუფლებიანი წევრი, გაყოყოჩებული ბრიუსელი სულ უფრო მეტად შეგვიზღუდავს ჩვენი ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.

მსოფლიოს დღევანდელ გადანაწილებაში, გარკვეული მიზეზების (თუნდაც ჩვენი ქვეყნის სიმცირის) გამო ჩვენ არავინ გაგვინაწილებს მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგის შემქმნელი სახელმწიფოების წილს, მაგრამ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი კუთვნილი, დროებით დაკარგული ტერიტორიები როგორმე დავიბრუნოთ.

ოდესმე თუ არის შესაძლებელი ფიქრი იმაზე, რომ ომით დაკარგული ტერიტორიები მშვიდობიანად დაიბრუნო, ეს ისტორიული შანსი არის დღეს. ხვალ ალბათ ამის მცდელობასაც აღარ ექნება აზრი.

ამისთვის კი საჭიროა სასწრაფოდ მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან ამ და ქვეყნისთვის საჭირო სხვა თემებზე.

მით უმეტეს, რომ IRI-ს NDI-ს კვლევების მიხედვითაც კი საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა (57%-82%) რუსეთთან დიალოგის მომხრეა.

რას მოიტანს კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება?

პირველ რიგში, საზოგადოება გათავისუფლდება ფუჭი ილუზიებისგან, აღარ გვექნება დაშლილ ან სავარაუდო, არასასურველ სივრცეში გაწევრიანების კონსტიტუციური ვალდებულება, ხოლო თუ მომავალში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანად და უსაფრთხოდ ჩაითვლება იქ გაწევრიანება, ვინმეს ჰგონია, რომ იქ 78-ე მუხლის გარეშე არ შეგვიშვებენ?

ამდენი წელი რომ გვიწერია კონსტიტუციაში ეს მუხლი, ამას სიმბოლირი დატვირთვის გარდა, რაიმე მნიშვნელობა აქვს?

დროა, სიმბოლოებზე გამოკიდებული უაზრობა დასრულდეს, რათა ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართული აზრიანი ნაბიჯები გადაიდგას.

კონსტიტუციაში 78-ე მუხლის არსებობით აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ვინმეს რეალობად მიაჩნია?

რუსეთმა უკრაინასთან ომი, ხომ მის საზღვრებთან ნატოს მიახლოების არდაშვების გამო დაიწყო, აფხაზეთსა და ცხინვალშიც სამხედრო ბაზები ხომ ამიტომ აღადგინა და რომელ ჭკუათმყოფელს ჰგონია, რომ თუნდაც თეორიული შანსი არსებობს იმისა, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიების რაიმე ფორმით დაბრუნებაზე დაელაპარაკოს მის საზღვრებთან ნატოს შემოყვანის მსურველ ქვეყანას?

ამის არ ან ვერ დამნახავებმა უნდა აღიარონ, რომ სამუდამოდ დაკარგულად მიაჩნიათ დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და არც არასდროს უნდა ვიფიქროთ მათ დაბრუნებაზე.

ისინი გვთავაზობენ ვიცხოვროთ რუსეთისათვის მთელი მსოფლიოს მხრიდან ომის გამოცხადების, რუსეთის გაქრობის, დამარცხების ან დაშლის ილუზიით.

ჩვენ მათ ვთავაზობთ გაიხსენონ, რომ 90-იან წლებში სწორედ დასუსტებულმა და თითქმის დაშლილმა რუსეთმა დაგვაკარგვინა იურისდიქცია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილზე, რაც შემდეგ კიდევ უფრო განავრცო და დააგვირგვინა სააკაშვილის ხელისუფლებამ.

ნუ შევიყრით თვალებში ნაცარს, დავინახოთ, რომ რუსეთთან გვაქვს უზარმაზარი საზღვარი, ხოლო დედაქალაქიდან 40 კმ-ში გვიდგას რუსის ჯარი, რომლის ამოქმედების შემთხვევაში მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით გაჯერებული განცხადებებით მივიღებთ მსოფლიოს მხარდაჭერას.

ამიტომ, თუ რეალურად გვინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა, უნდა ვიფიქროთ ამ თემებზე.

დროა ვიზრუნოთ მოლაპარაკებისათვის პირობები შექმნაზე.

მხოლოდ ასეთ გონივრულ გადაწყვეტილებებს შეუძლია ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის გაჩენა.

კავშირები იქმნება და იშლება, მაგრამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მარტივი გზით მსოფლიოში არსად მომხდარა. ეს ხდება ან ომით, ან ინტერესთა შეჯერებით.

ომის გაჩაღების შედეგები ჩვენ უკვე ვიწვნიეთ 2008 წელს. ამიტომ ასარჩევიც ბევრი არაფერია, გვრჩება მხოლოდ რუსეთთან ინტერესების შეჯერების ერთად-ერთი გზა.

ამასთან ერთად, აუცილებელია იქ მცხოვრებ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა, მათი ინტერესების გათვალისწინებაც, რადგან ილუზიაა იმის მტკიცება, რომ თითქოს რუსეთის ერთი ბრძანება საკმარისია მათთვის, რომ თანხმობა განაცხადონ საქართველოს წიაღში დაბრუნებაზე.

დღევანდელ მსოფლიოში, კოსმოსური ტემპებით განვითარებული პოლიტიკური ცვლილებები იძლევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის პირობების მომზადების შესაძლებლობას.

ამ შანსის გონივრულად არ გამოყენება, შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაა, რაზეც მომავალი თაობის საქართველო პასუხს სწორედ ჩვენი თაობის საქართველოს მოსთხოვს“, - წერს ნანა კაკაბაძე.