ნამდვილად ითქვა, რომ თუ ჩვენ თვალს დავხუჭავდით "ლელოს" მიერ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გარკვეული სარგებელი იქნებოდა მათი მხრიდან... რა იგულისხმებოდა ამაში, არ ვიცი - გიორგი კაპანაძე

გიორგი კაპანაძე

დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში თანდათან კიდევ უფრო მწვავდება. "ნაციონალური მოძრაობა" ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ "ლელო" მათ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ოპოზიციისგან ნაკლები კრიტიკის სანაცვლოდ, ფულს სთავაზობდა.

უსამართლო იერიშზე საუბრობენ თავად "ლელოში" და პოლემიკაში შესვლისგან თავს იკავებენ.

მსგავს თავდასხმებს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდზე არასამართლიანს უწოდებენ გახარიას პარტიაში; არაჯანსაღ პროცესზე საუბრობს მმართველი გუნდი და დარწმუნებულია, რომ, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში კრიზისი უფრო გამწვავდება.

პარტიის ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კაპანაძე ადასტურებს, რომ პარტიაში "ლელოს" ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად გავრცელდა.

"პარტიაში, "ლელოს" ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ნამდვილად ითქვა, რომ თუ ჩვენ თვალს დავხუჭავდით "ლელოს" მიერ მონაწილეობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის მხარდაჭერა თუ სარგებელი იქნებოდა მათი მხრიდან. რა იგულისხმებოდა ამაში არ ვიცი, მაგრამ საზოგადოებამ იცის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ჩვენი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებს", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაზა თავაძის განცხადებით, მსგავსი განცხადებები "სასარგებლო იდიოტების" მიერ არის გაკეთებული, რადგან ეს "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.

"როდესაც ვხედავთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, თავდასხმების ასეთი ნიაღვარი აქვთ, ეს, მინიმუმ, არის არასამართლიანი. ეს არის სრული სპეკულაცია, სასარგებლო იდიოტების მიერ გაკეთებული განცხადება იმიტომ, რომ ეს "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს",- განაცხადა ზაზა თავაძემ.