ნაჩო სანჩეს ამორის მხრიდან დარეკვასა და გადმორეკვაზე საუბარი არასერიოზულია, სანქციების დაწესება კი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით ხდება და შანტაჟის იარაღად არის გამოყენებული - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

ნაჩო სანჩეს ამორის მხრიდან დარეკვასა და გადმორეკვაზე საუბარი არასერიოზულია, სანქციების დაწესება კი მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით ხდება და შანტაჟის იარაღად არის გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის წევრის, ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოდან რეკავენ ევროკავშირში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კითხულობენ, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა“.

„ალბათ, ყველას ახსოვს ჩვენი კინემატოგრაფიის შედევრი „ცისფერი მთები“ – „გამაგებინეთ, აქ ვარ თუ იქ“. რა დარეკვაზე, მესიჯებზე თუ დესპანის ფრენაზეა საუბარი? ალბათ, ამ ადამიანს იმაზე უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ ყველას აქვს უფლება, სამართლიანი სასამართლოს წინაშე თავისი უფლებები დაიცვას. სამწუხაროდ, სანქციების დაწესება მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით ხდება და არავითარი დასაბუთება არ არსებობს. ფაქტია, ეს შანტაჟის იარაღად არის გამოყენებული. ადამიანს საშუალება არ აქვს, თავისი უფლება დაიცვას. ეს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა, რასაც, სამწუხაროდ, გლობალური ძალების წარმომადგენლებმა შეგვაჩვიეს. დარეკვასა და გადმორეკვაზე საუბარი არასერიოზულია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.