მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ანგარიში - დეპარტამენტის ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამებიდან და შესყიდვებიდან 2025 წელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 67 413 621 ლარი დაიზოგა

კანცელარია

2025 წელს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა 114 860 551 ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დეპარტამენტის ჩართულობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაიზოგა 67 413 621 ლარი, რომელიც დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგია, – ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული საქმიანობა, სხვა აქტივობებთან ერთად, მოიცავდა სახელმწიფო უწყებების მიერ ინიცირებული პროექტების ბიუჯეტის, მათი საჭიროებებისა და შესაბამისობის შესწავლას, მათ კრიტიკულ ანალიზს, რისკების შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას.

„მიღებული ეკონომიის უდიდესი ნაწილი უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების მართვის საკითხებს. კერძოდ, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში, მიმდინარეობს დაგეგმილი/მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი და შესაძლო ნაკლოვანებების ანალიზი, რის საფუძველზეც, ხორციელდება პრევენციული ღონისძიებების გატარება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. დეპარტამენტი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევს დადგენილებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კონკურენტული გარემოს შექმნას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა ჩართულობის ზრდას და გამჭვირვალე გარემოს დამკვიდრებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.