1793044404
მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი, რომ ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში დაიწყებენ - რევაზ სოხაძე მე-10 საჯარო სკოლის მშენებლობაზე
ინფრასტრუქტურის მინისტრი თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შეხვდა.
რევაზ სოხაძემ მათ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განუმარტა და განაცხადა, რომ მოსწავლეები მე-10 საჯარო სკოლაში სწავლას 2027 წლის სექტემბერში დაიწყებენ.
მინისტრის განმარტებით, უახლოეს დღეებში კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს განაახლებს.
"ჩვენ მოვედით და ავუხსენით ის სიტუაცია და გავაცანით ის რეალობა, რაც არის ამ სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით. შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლოს უკვე შევხვდებით და დეტალურად გავაცნობთ მათ იმ ნაბიჯებს, რასაც სამინისტრო დგამს ამ მიმართულებით. უკვე რამდენიმე დღეში აქ სამუშაოები განახლდება. იყო გარკვეული შეფერხება ობიექტური მიზეზების გამო. მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი იმას, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს, ისინი დაიწყებენ ახალ სკოლაში", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აქცია სკოლის შენობის მშენებლობის დასრულებისა და ბავშვების სკოლაში დროულად დაბრუნების მოთხოვნით გამართეს.











