1788242698
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების დაწყებაც კი არ არის საჭირო ისლანდიელი ხალხისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად - დავით მათიკაშვილი
ისლანდიაში, მოსახლეობის თითქმის 53-მა პროცენტმა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებს თბილისში აფასებენ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის თქმით, ევრობიუროკრატები კარგად უნდა დაფიქრდნენ თუ რატომ იღებს ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასეთ გადაწყვეტილებას:
"არ არის გასაკვირი ნამდვილად. ისლანდია, ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს ნატოს წევრ ქვეყანას, რომელიც არის ევროპის კონტინენტზე, არის შენგენის ზონის ქვეყანა, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების დაწყებაც კი არ არის საჭირო ისლანდიელი ხალხისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დაფიქრდნენ კარგად რასთან აქვთ საქმე, რატომ იღებს ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ასეთ გადაწყვეტილებას და თუკი საღი ანალიზი იქნება, ბუნებრივია თვითკრიტიკულად მიუდგებიან საკუთარ თავს და იმ პოლიტიკის შეცვლაზე იფიქრებენ, რასაც ისინი დღეს აწარმოებენ,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.
კუნძულოვანი სახელმწიფოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას შიდა ეროვნული ინტერესები და თევზჭერის უფლებები წარმოადგენდა. ბრიუსელმა ისლანდიას თევზჭერაზე სპეციალური ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა რეფერენდუმის შედეგებმა აჩვენა, რომ ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირის წინააღმდეგ მისცა ხმა.








