"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მაჩვენებლებსა და ტენდენციებს თუ შევხედავთ, ჩანს, მომავალშიც გაიზრდება ფასები, ყველაფერი მიუთითებს, რომ მუდამ უკეთესობისკენ ვივლით , – ამის შესახებ ამის შესახებ EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა, მოჰამედ ალაბარმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.
როგორც ალაბარმა აღნიშნა, თბილისში სეირნობისა და ქართული კერძების დაგემოვნების შემდეგ მიხვდა, რომ საქართველო საუკეთესო ადგილი იყო.
„ჩვენც პატარა ბაზრიდან ვართ. ვიცით, როგორ შეიძლება ბიზნესის კეთება პატარა ბაზარზე. არაბთა გაერთიანებული საამიროები არ არის დიდი ბაზარი. ჩვენ ასეთი ზომის ბაზარი კომფორტულად მიგვაჩნია. ეს არის გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმების კვალი, რაც საქართველოს აქვს. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპებზე არ ვისაუბრებ, ვისაუბრებ იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ქვეყანას აქვს. აქვე მინდა, ვთქვა, რომ 20-ზე მეტ ქვეყანაში გვაქვს ინვესტიციები, მაგრამ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ქუჩაში გავდივარ და ვსეირნობ. ვნახულობ, რამდენად კომფორტულია გარემო და ატმოსფერო. თბილისი პირველად რომ ვნახე, სასიამოვნოდ გამიკვირდა. ძალიან კარგი შეგრძნება დამიტოვა. შემდეგ შევედი ერთ-ერთ კვების ობიექტში და გავსინჯე ქართული კერძები. მივხვდი, რომ ეს საუკეთესო ადგილი იყო. ძალიან კარგი მიღება მქონდა საქართველოში.
ინვესტორებისთვის იქნება ეს კაპიტალზე მოგება თუ ნებისმიერი სხვა ეკონომიკური პარამეტრი, მე თუ თქვენ მომწონხართ და მიყვარხართ, ეს არის ყველაფრის წინაპირობა. აი, ამ მაჩვენებლების და პარამეტრების გარდა, საქართველოში ვაკვირდებით, რა ხარჯები უკავშირდება მშენებლობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვნახულობთ, როგორი იქნება ჩვენი შემოსავალი, როგორ გაიყიდება ჩვენი უძრავი ქონება, როგორი იქნება ტურიზმის მოზიდვის მაჩვენებლები. ეს ყველაფერი პოზიტიურია და მარტივი მაჩვენებლები მინდა გაგიზიაროთ. თუ შევხედავთ საქართველოში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მაჩვენებლებს და ტენდენციებს, ვხედავთ ნახტომისებურ მაჩვენებელს. ვხედავთ, რომ მომავალშიც გაიზრდება ფასები, რადგან მოთხოვნა-მიწოდების პრინციპია. ყველაფერი მიუთითებს იქითკენ, რომ მუდამ უკეთესობისკენ ვივლით“, – განაცხადა ალაბარიმ.
ალაბარის თქმით, საქართველოში ინვესტიციით სხვა ინვესტორებსაც მიეცემათ მოტივაცია და ინვესტიციათა კონცენტრაცია მოხდება.
„ცოტათი უკან დავიხიოთ და შევხედოთ, რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში დაახლოებით 50 წლის წინ. თანამედროვე საქართველოს იმასთან თუ შევადარებთ, ყველა ახალგაზრდა სახელმწიფოები ვართ. ჩვენ გვჭირდება გზები, სკოლები, სასტუმროები, ამიტომ ამ პრიზმიდან ვუყურებ ამ პროექტს. ყველაფერი პრინციპში უკავშირდება იმ დადებით მაჩვენებლებს, ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და ა.შ. რაც უკვე ვახსენეთ. 9 პროცენტიანი ზრდა, თუნდაც 7 პროცენტიანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითი და მიზეზია. ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია. ევროკავშირში ბევრი ჭკვიანი ადამიანია, რატომ არ მოდიან, რატომ არ სწავლობენ საქართველოს წარმატების ფორმულას და ისტორიას. ყველაფერს გავაშენებთ, რესტორნები იქნება, უძრავი ქონება, საცხოვრებელი კომპლექსები. ამ ყველაფრის მიღმა, ჩვენი წვლილი მოტივირების კუთხით არის ძალიან დიდი. სხვა ინვესტორების მოტივაციას მოვახდენთ. ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილი გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში მოხდება ინვესტიციების კონცენტრაცია. თქვენ რომ მიმოიხედოთ, დაინახავთ, რომ ეს სახელმწიფო ახალგაზრდაა. მე მინახავს, მიცხოვრია ახალგაზრდა დედაქალაქში, ახალგაზრდა სახელმწიფოში და მსგავსი გამოცდილება დამიგროვდა. როდესაც ვუბრუნდებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას, ამ წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის კარგი ცხოვრება, ჰარმონია და ატმოსფერო“, – აღნიშნა EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის პოლიტიკა, ალაბარმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ლიდერებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„აქაც მინდა ვთქვა, რომ კარგი ხელმძღვანელობა ჩემს სახლში, თქვენს კომპანიაში თუ არ არსებობს, არც ოჯახი იარსებებს და არც ორგანიზაცია. ორგანიზაციას, ქვეყანას, ოჯახს სჭირდება ძლიერი თავი, ძლიერი ხელმძღვანელი. შენობის ასაგებად მჭირდება დაახლოებით 10 წელი. მე არ მინდა, რომ რაიმე შემეშალოს ამ პროცესში, რაიმე იყოს ბარიერი ან დაბრკოლება. მდგრადობა, უკეთესი გარემოს შექმნა ჩვენი ხალხისთვის – ეს არის გადამწყვეტი. მე ბავშვობაში ღარიბი ვიყავი, მაგრამ ბევრი ფული რომ ვიშოვე, მერე ეკონომიკური განვითარების გარდა, ჰარმონიაზე ვფიქრობ. ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, დარგობრივი პოლიტიკის სისწორეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აღმოსავლეთი არის ცხელი წერტილი, ავღანეთი იქნება თუ ირანი, იემენი თუ ისრაელი, ღაზას სექტორი, სირია, ეს არის ძალიან ცხელი წერტილები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამ სამეზობლოში ძლიერი საქართველოს, ბრძნული საქართველოს, სტაბილური ხელმძღვანელობის მქონე საქართველოსთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია.
ქვეყანამ მოიზიდა მდიდარი ადამიანი, რომელიც აქ ეძებს და პოულობს მშვიდობას, სტაბილურობას, კარგ ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ამიტომ, ვიტყოდი, რომ რეალურად ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, მხარი დავუჭიროთ ამ ძლიერ, გონივრულ ხელმძღვანელობას. დედამიწა ძალიან პატარა ადგილია. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ყველას გვინდა ზრდა და განვითარება. ჩვენ, გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს განვითარება, ამერიკის განვითარება, ევროპის განვითარება და გაზრდა გვინდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ხელმძღვანელობას და ლიდერებს“, – განაცხადა მოჰამედ ალი ალაბარმა.