1755495202
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა და დაგვაფასა. მშვიდობას ვუსურვებ საქართველოს - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 41 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ოჯახის წევრებთან ერთად მის ხსოვნას პატივი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მიაგეს. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
"18 აგვისტო გიორგის დაბადების დღეა და 41 წელი შეუსრულდებოდა. დღევანდელი დღე მძიმეა, მაგრამ, ამავდროულად, სასიხარულოა, იმიტომ, რომ გიორგის დაბადების დღეა. ანწუხელიძის აკადემიიდან იყვნენ, კოჯორიდან და ვაზიანის მე-4 ბრიგადიდან, სადაც გიორგი მსახურობდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა და დაგვაფასა. მშვიდობას ვუსურვებ საქართველოს," - განაცხადა გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით "სამშობლოსთვის თავდადებული", მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.