1749744057
მილანის პრეფექტი: ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროშიც

მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე საქართველოსთან თანამშრომლობასა და ურთიერთობის განვითარებაზე ისაუბრა.
მან ქართული და იტალიური ენების სწავლებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო და ახლობელი ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით, არამედ გარემოს დაცვის, ტურიზმის სფეროშიც - ნებისმიერ სფეროში, სადაც ძალიან აქტიურად გვაქვს თანამშრომლობა. მინდა, ხაზი გავუსვა კულტურას. ძალიან ბევრი სკოლაა საქართველოში, სადაც იტალიური ენა ისწავლება. ჩვენთანაც ბევრი სკოლაა, სადაც ქართული ისწავლება”, - განაცხადა მილანის პრეფექტმა კლაუდიო ზგარალიამ.
სტუმრებს შორის იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ყოფილი პრეზიდენტი ადრიანო გალიანიც, რომელმაც იმ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც ქართველებსა და იტალიელებს აკავშირებთ.
„მოხარული ვარ, რომ საქართველომ გენერალური საკონსულო გახსნა. 4 000-მდე ქართველი ყოველდღიურად მუშაობს მილანში. კარგად ვიცი საქართველოს შესახებ ყველაფერი”, - განაცხადა გალიანიმ.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო 10 ივნისს გაიხსნა.