1749821201
აშშ-ში წყვილმა ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩასახა

აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ბავშვი პირველად ჩასახეს.
The Times-ი კოლუმბიის უნივერსიტეტის განაყოფიერების ცენტრის ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ მარტში, 38 წლის როზი 19-წლიანი წარუმატებელი მცდელობებისა და 15 უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლის შემდეგ დაორსულდა. მას ამაში ნეიროქსელი დაეხმარა, რომელიც ეაკულატში სპერმატოზოიდების აღმოჩენისთვის შეიქმნა. პროექტს STAR-ი (Sperm Track and Recovery - „სპერმის ძიება და ამოღება“) ჰქვია.
აშშ-ში უშვილობის შემთხვევების დაახლოებით 40% მამაკაცის ფაქტორებთან არის დაკავშირებული, ხოლო აზოსპერმია (ეაკულატში სპერმატოზოიდების სრული არარსებობა) ასეთ შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში გვხვდება. სპერმატოზოიდების მიკროსკოპით აღმოჩენა რთული ამოცანაა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისთვისაც კი. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ იპოვონ სპერმატოზოიდები, შეაგროვონ ისინი, შეინახონ, გაყინონ და შემდგომ კვერცხუჯრედის განაყოფიერებისთვის გამოიყენონ.
მეცნიერების განმარტებით, ერთ-ერთი ნიმუშის შემთხვევაში, მეცნიერები ორი დღის განმავლობაში იკვლევდნენ მასალას და ვერცერთი სპერმატოზოიდი ვერ იპოვეს, STAR-მა კი ერთი საათის განმავლობაში 44 აღმოაჩინა.