მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ილია II-ის მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა.

„სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დავესწარი.

როგორც ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.

ილია II-ის მოღვაწეობამ ქართველი ადამიანის ერისკაცული მოვალეობა და მისი სულიერი მისია ერთ მთლიანობად შეკრა. სწორედ ამ გზამ განსაზღვრა ჩვენი ეროვნული სახე და დაგვანახა, როგორ უნდა ვეზიაროთ უფალთან მიახლოების მადლს.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, ჩვენი პატრიარქი იყო ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, მისი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. მან გვასწავლა, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია.

განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ეროვნული იდენტობისა და კულტურის გადარჩენის საქმეში. მან დაგვაბრუნა ჩვენს ისტორიულ ფესვებთან და დაგვარწმუნა, რომ ქართველობა არ არის მხოლოდ წარსული დიდება, ის ცოცხალი, მარადიული სულიერი ენერგიაა.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II იყო და კვლავ არის ერის გამაერთიანებელი, ჩვენი ერთიანობის უდრეკი მცველი. ეს ძალა დღეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით. ამ მდუმარე რიგებში, ამ სევდიან მზერაში კრთის ის უხილავი, ღვთიური ძაფი, რომელიც მისმა სიყვარულმა ჩვენ შორის გააბა.

აღვნიშნე, რომ „პატრიარქის საქართველო“, ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ეპოქა, ეს ჩვენი ეროვნული ხასიათის ზეიმია. დღეს ყველამ დაინახა, შინ თუ გარეთ, როგორი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე, ქართველი კაცი არ შეიცვლება. ჩვენი რეალური სახე სწორედ აქ არის: ამ ტაძარში, ამ საერთო ტკივილსა და მოწიწებაში.

ილია II-მ ამქვეყნიური გზის დასასრულსაც კი უდიდესი გაკვეთილი მოგვცა: კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა და შეგვახსენა ჩვენი ნამდვილი ბუნება, სიყვარული, კაცთმოყვარეობა და ის ურყევი ერთობა, რომელსაც ვერანაირი მიწიერი ქარიშხალი ვერ დაანგრევს.

ჩვენ ვაგრძელებთ გზას, რომელიც პატრიარქმა გვიანდერძა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული, ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - წერს იგი.