მიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაერო-სა და სერბეთში, უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა

მიხეილ ყაველაშვილი

ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ქართველ დიპლომატებს მოუწოდა ძალისხმევა არ დაიშურონ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების გასავითარებლად.

„ჩვენი საერთო მიზანია, საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს სამხრეთ კავკასიის მთავარი რეგიონული ჰაბის სტატუსი. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი უფრო დიდი გეოგრაფიული სივრცეების – აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ და მშვიდობიან ინტეგრაციას.

მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, ძალისხმევა არ დავიშუროთ სავაჭრო-სატრანზიტო კავშირების კიდევ გასავითარებლად. ეს არა მხოლოდ გლობალურ დაკავშირებადობას შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს დაუბრუნებს თავის ისტორიულ, ცივილიზაციური გზაჯვარედინის ფუნქციას.

საქართველო არა მხოლოდ შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძია, არამედ უნიკალური ცივილიზაციური დიალოგის სივრცეა, სადაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურები მშვიდობიანად თანაარსებობდნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.