1788234240
მიხეილ სააკაშვილს რა უნდა - ჰკითხეთ მიხეილ სააკაშვილს. საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნება გადის ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე - ანა წითლიძე
ეროვნული ინტერესების ღალატი და გარე ძალების დავალებით მოქმედება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთთან დაკავშირებულ ინიციატივებს აკრიტიკებენ. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფხაზების შემორიგებაზე ფიქრი სისულელეა, რადგან მათ ქართველები ეზიზღებათ. უმრავლესობის შეფასებით, ექსპრეზიდენტის რიტორიკა მხოლოდ ორ სცენარს გულისხმობს - ომს ან ტერიტორიებზე საბოლოოდ უარის თქმას.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია - გარე ძალების დავალებით, ქვეყნის ინტერესების დათმობა. ამ კონტექსტში, უმრავლესობამ ოპოზიციის სხვა ლიდერების განცხადებებიც გაიხსენა, როცა გვარამიამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტრავმული მეხსიერება განვითარებას ბლოკავს, მაგალითად კი ნიკოლ ფაშინიანი და ყარაბაღის დათმობა მოიყვანა. ბარამიძემ აფხაზეთის ომის დროს ქართველ სამხედროებს ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობის საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, აფხაზეთის დაბრუნების გზა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე გადის.
„მიხეილ სააკაშვილს რა უნდა - ჰკითხეთ მიხეილ სააკაშვილს. ჩემი ხედვა აფხაზეთთან არის შემდეგი, რომ საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნება გადის ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე. მე რაც ჩამოვთვალე, ეგ ყველაფერი არის მათ შორის არის გზა შერიგებისკენ“, - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ანა წითლიძე.
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ გაძლიერებასთან და ევროპულ მომავალთან ერთად, აფხაზებთან ნდობის აღდგენასაც გულისხმობს.
„რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, გარდა იმისა, რომ გადის საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ჩვენს ევროპულ მომავალზე, ასევე, რა თქმა უნდა, გადის ჩვენს აფხაზ ძმებთან ნდობის აღდგენაზე“, - აცხადებს „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატი გიორგი შარაშიძე.












